"ლოცვით, უფლის სიყვარულით, მთავარანგელოზების წყალობით დაიწყო ტაძრის მშენებლობა", - მამა დავითი.
წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის აშენების იდეა 2000 წელს გაჩნდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამა დავითი ლომისის წმ. გიორგის ეკლესიაში მსახურობდა.
გამომდინარე იქიდან, რომ იმჟამად გლდანში მხოლოდ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი იყო, ამ ტაძარში დღესასწაულებზე უამრავი ხალხი იყრიდა თავს, ყველას ეკლესიაში შესვლა და წირვაზე დასწრება უნდოდა. სწორედ ეს გახლდათ ახალი ტაძრის აშენების მიზეზი. პირველ ეტაპზე, მამა დავითმა მიმართა იმჟამინდელ თბილისის მერიას, რათა ტაძრისთვის გამოეყოთ ადგილი და მერიამ ეკლესიის მშენებლობისათვის გამოყო 6000 კვ.მ. ამის მიუხედავად, ტაძრის მშენებლობის პირველი ეტაპი რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო მშენებლობის დაწყება 2005 წლამდე ვერ მოხერხდა.
2005 წელს ეკლესიის მშენებლობისთვის პატარა მონაკვეთი შემოიღობა. უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მამა დავითმა აკურთხა ჯვარი და ეკლესიის საძირკველი. ჯვართან სისტემატიურად "დაუჯდომლები" და ლოცვები იკითხებოდა, აღევლინებოდა პარაკლისები.
ეკლესიის საძირკველში ჩაიდო სპეციალური მეტალის კაფსულა, მამა დავითისა და მომავალი მრევლის სურვილებისა. ეს იყო ტექსტი ლოცვით, რომელსაც მამა დავითი და მრევლი აწერდა ხელს. მათი სურვილი იყო ერთი - ამ ეკლესიის აშენების საფუძველი ღვთისა და მოყვასის სიყვარული ყოფილიყო.
2007 წელს უკვე დასრულებული იყო ეკლესიის ძირითადი მშენებლობა, ხოლო ეკლესიის პერანგით შემოსვა სამი წელი მიმდინარეობდა, რადგან ტაძარს არ ჰყავდა დამფინანსებელი, მაგრამ ტაძრის აშენების სურვილი მამა დავითის მრევლში დიდი იყო, მშენებლობა მამა დავითის პირადი სახსრებითა და მრევლის ფიზიკური თუ ეკონომიკური დახმარებით მოხერხდა.
ტაძარზე ჯვარი 2011 წელს აღიმართა. ეს დღე, საოცრად დაემთხვა იერუსალიმში ჯვრის აღმართვის დღეს. ამავე წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მამა დავითი (დათუაშვილი) დაინიშნა ამ ეკლესიის წინამძღვრად. პირველი წირვა ამავე წლის 25 დეკემბერს ჩატარდა და იმ დღიდან ტაძარში სისტემატურად აღევლინება წირვა-ლოცვა, პარაკლისები, ტარდება ნათლობა, პანაშვიდი, ჯვრისწერა და სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოებები. ხოლო თვით ტაძრის კურთხევა 2015 წლის 6 თებერვალს შედგა აგარა-წალკის ეპისკოპოსის გრიგოლ კაციას მიერ.
ტაძართან ფუნქციონირებს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, ხალხური სიმღერებისა და საკრავების შემსწავლელი ჯგუფი და საზოგადოებრივ-რელიგიური ჟურნალი "ამბიონი", რომელიც უამრავ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას.
სამომავლოდ იგეგმება, რომ წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია იქცეს სატაძრო კომპლექსად და გაიხსნას სასულიერო სკოლა-გიმნაზია. ასევე იგეგმება საეკლესიო ხელოვნების სკოლის დაარსება, რომელშიც დაინტერესული ადამიანები ქარგვას, ჭედურობას, გალობას, ქვაზე კვეთას შეისწავლიან.
იგეგმება საზაფხულო მისიონერული სკოლის გახსნა, სადაც ახალგაზრდები გაივლიან მისიონერულ კურსს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წავლენ, რათა აუხსნან მოსახლეობას, თუ რა არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, რატომ არის სექტანტობა ცუდი, რატომ არის მათი სწავლება ცრუ და არაჭეშმარიტი, გასცემენ მოსახლეობას პასუხებს მათთვის საინტერესო რელიგიურ საკითხებზე. ასევე გაიხსნება საკვირაო სკოლა, სადაც მრევლი მოძღვართან საუბრისას მიიღებს პასუხს, ყველა მათთვის საჭირო კითხვებზე.