თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

დეკანოზი დავით დათუაშვილი - წინამძღვარი

თბილისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი დავით დათუაშვილი, ერისკაცობაში ბადრი დათუაშვილი, დაიბადა 1958 წლის 1 იანვარს. სწავლობდა ჯერ 88-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ გადავიდა 134-ე სკოლაში, რომელიც 1974 წელს დაამთავრა. 1976 წელს, მამის თხოვნით და სურვილით, ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტზე. მეორად ფაკულტეტად დაამთავრა თეატრის რეჟისურა. იყო გაზეთ "ნორჩი ლენინელის" კორესპონდენტი, აკეთებდა ფოტო-რეპორტაჟებს.

ბავშვობიდან აინტერესებდა ფოტოხელოვნება, ამიტომაც, შეისწავლა ფოტოჟურნალისტიკა. სამივე მიმართულება წითელ დიპლომზე დაამთავრა. ამის შემდეგ, სწავლობდა მოსკოვში, სადაც გაიარა უმაღლესი სარეჟისორო კურსები. იქიდან დაბრუნებული მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში. გადაღებული აქვს სამი დოკუმენტური ფილმი.

1991 წელს დააფუძნა პროფესიონალური "ახალგაზრდული თეატრ-სტუდია" მცხეთაში, რომლის მთავარი რეჟისორი იყო და დადგა რამდენიმე სპექტაკლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ სპექტაკლებიდან ერთ-ერთს მაშინდელმა თეატრმცოდნემ ვასილ კიკნაძემ ასეთი შეფასება მისცა - "ეს არის მოვლენა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში".

სამწუხაროდ, ამ სტუდიამ დაუფინანსებლობის გამო დიდხანს ვერ იარსება და 1995 წელს დაიხურა. ამავე პერიოდში ეროვნულ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, იყო საქართველოს "დემოკრატიული პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოღვაწეობდა "დემოგრაფიულ საზოგადოებაშიც". შემდეგ ეწეოდა სამრეწველო საქმიანობასა და პარალელურად პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა პოლიტიკას მალევე დაანება თავი.

მამა დავითის ეკლესიური ცხოვრება იწყება ლომისის წმ. გიორგის ეკლესიაში 1994 წელს, როგორც თვითონ ამბობს, სულიერმა კრიზისმა, ძიების პროცესმა, ღმერთთან ახლოს ყოფნის სურვილმა მიიყვანა ეკლესიაში. " ეს არ იყო მხოლოდ გატაცება, არამედ ეს იყო ჩემთვის უამრავ ცხოვრებისეულ პრობლემურ კითხვებზე პასუხების პოვნა. აქ ვიგრძენი თავი იმ სამყაროში, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი". აქტიურად დაიწყო სასულიერო ლიტერატურის კითხვა. ხუცურად წერა-კითხვა ერთ კვირაში შეისწავლა. ამის შემდეგ გაუმხილა მოძღვარს, რომ სურდა გამხდარიყო საეკლესიო პირი, მოძღვარიც დაეთანხმა და გახდა ჯერ ლომისის წმ. გიორგის ეკლესიის სტიქაროსანი, შემდეგ კი, პატრიარქის სტიქაროსანი. შემდეგ დიაკვნად იკურთხა. სამი თვე იყო დიაკვანი და 1999 წელს სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხეს. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2009 წელს დეკანოზად აკურთხა, ხოლო 2012 წელს გადასცა "გამშვენებული ჯვარი".

2015 წლის 11 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დეკანოზი დავითი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ჰყავს მეუღლე - ხათუნა მიდელაშვილი და ორი შვილი, თორნიკე და მარიამი.

დეკანოზი გიორგი თიკანაშვილი

დეკანოზი გიორგი თიკანაშვილი, ერისკაცობაში გიორგი შალვას ძე თიკანაშვილი დაიბადა 1962 წლის 26 იანვარს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში. დაამთავრა სოფელ ზვარეს საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე ქალაქში მუშაობდა მებათქაშედ და პარალელურად, შეისწავლა სხვადასხვა ხელობა. 1981 წლის მაისში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, სადაც ინსტრუქტორად მსახურობდა და დააჯილდოვეს საპატიო სიგელით. 1983 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩავიდა ოჩამჩირეში, სადაც ოჯახებში სხვადასხვა ხელობებზე მუშაობდა. შემდეგ გადავიდა ფოთში.

დეკანოზმა გიორგი თიკანაშვილმა 1987 წელს ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში დაიწყო სიარული. ტაძრის წინამძღვარი თეიმურაზ გოგიშვილი გახლდათ. ტაძარში ასევე მსახურობდა დიაკონი ანატოლი წულაია, რომელსაც დაუმეგობრდა. იმ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი გახლდათ მეუფე ვახტანგ ახვლედიანი, რომელმაც მამა გიორგი თიკანაშვილი მნათედ აკურთხა და საკურთხეველს ემსახურებოდა. გარკვეული ხნის შემდეგ ჭყონდიდის ეპარქია ჩააბარეს მთავარეპისკოპოს გიორგი შალამბერიძეს. მან მამა ანატოლი მღვდლად აკურთხა და მღვდელმსახურად დაადგინა თეკლათის დედათა მონასტერში. მამა გიორგი მას წაჰყვა, გახდა მისი სულიერი შვილი, მედავითნეობაში ეხმარებოდა და სხვადასხვა მორჩილებებსაც ასრულებდა.

1989 წელს დეკანოზი გიორგი თიკანაშვილი მამა ანატოლი წულაიას რეკომენდაციით ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სულიერ მოძღვრად აირჩია პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, ამჟამად რუსთავის მიტროპოლიტი იოანე. დიაკვნად კურთხევამდე იყო სტიქაროსანი სიონის ტაძარში. ეხმარებოდა სულიერ მოძღვარს ასურეთის ლომისის წმ. გიორგის დედათა მონასტრის მშენებლობაში. სწავლის პერიოდში და სემინარიის დამთავრების შემდეგაც იგი ეკლესიებს კირით ლესავდა. 10 ეკლესიიდან, მათ შორის გალესილი აქვს მოსკოვში წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია.

სემინარიის დამთავრების შემდეგ ორი წელი მსახურობდა სემინარია–აკადემიის კომენდანტად. 2004 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხელი დაასხა დიაკვნად. ამავდროულად, ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში 2 წელი ასწავლიდა ხეზე ჭრას.

2007 წლის 24 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა მღვდლად. მსახურობდა თემქის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში. ამჟამად კი გახლავთ თბილისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელმსახური.

ჰყავს მეუღლე – მაყვალა თიკანაშვილი (ხარბედია) და ორი შვილი, მარიამი და გიორგი.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!