თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ქრისტიანობა »

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის სტიქაროსანი – ალექსანდრე კანდელაკი

news poster

9 წლის ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის სტიქაროსანია. უკვე 1 წელია რაც სტიქარით შეიმოსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს დიდი პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით ასრულებს. ალექსანდრემ კარგად იცოდა და გაცნობიერებული ჰქონდა, როცა სტიქაროსანი გახდებოდა ის სხვებისთვის კარგი მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო. ჭკვიანი თვალებითა და დინჯად მოსაუბრე პატარა სტიქაროსანმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. ტაძრის ეზოში გავეცანი და მალევე დამემშვიდობა, რადგან საღამოს ლოცვა იწყებოდა და საკურთხეველში „დავალებები“ ჰქონდა შესასრულებელი.


როგორ გახდა ალექსანდრე სტიქაროსანი? ამის შესახებ დედას, ქალბატონ ლელა ხარებაშვილს გავესაუბრე:


„ალექსანდრე სკოლა “კანდიდის“ მეოთხე კლასში სწავლობს. ასევე დაკავებულია სპორტით, რაგბის თამაშობს. თბილისის წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრის მრევლი დაახლოებით 4 წლის წინ გავხდით. ალექსანდრე ხშირად მესაუბრებოდა ღმერთზე, ანგელოზებზე… ძალიან დიდ ინტერესს, სიყვარულსა და მოკრძალებას ამჟღავნებდა უფლის მიმართ. სულ უნდოდა შეეძინა ხატები, ჯვრები, საუფლო ნივთები.


ალექსანდრე კანდელაკი ჩვენი მოძღვარი გახლავთ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავითი დათუაშვილი. მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი მამა დავითმა დაგვწერა და სულ მინდოდა ჩემი ოჯახის მოძღვარი ყოფილიყო. იგი საოცრად კეთილშობილი ადამიანია. ამავე ტაძრის სტიქაროსანი, ავთანდილ გეთიაშვილი ალექსანდრეს ნათლიაა. მათ ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. ეკლესიური ცხოვრებით ავთანდილი ალექსანდრესთვის მისაბაძი იყო. ერთ-ერთი აღსარების დროს ალექსანდრემ სურვილი გამოთქვა, რომ სტიქაროსანი გამხდარიყო. მან ორკვირიანი ტიპიკონი გაიარა. მიბარებული იყო სტიქაროსან გიორგისთან, რომელიც ძალიან უყვარს.


მიუხედავად იმისა, რომ საღამოს 5 საათისთვის ბრუნდებოდა სკოლიდან, შემდეგ რაგბით იყო დაკავებული, იქიდან ძალიან დაღლილი სიხარულით მიდიოდა ტაძარში და არასოდეს წუწუნებდა. 2017 წლის 15 მაისს ალექსანდრე სტიქაროსანი გახდა. რითაც უბედნიერესი ვიყავი. ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო.


ალექსანდრე დღემდე დიდი სიყვარულითა და მონდომებით დადის ტაძარში და არასოდეს ამბობს რომ დაიღალა. ერთხელ სიცხიანი ლოგინში იწვა და წამლის დალევის შემდეგ როგრც კი უკეთ იგრძნო თავი, წირვაზე მაინც წავიდა. ისე მეხვეწებოდა გამიშვიო, უარი ვერ ვუთხარი. ჩემი და ჩემი ოჯახისათვის ეკლესია სითბოს, სიყვარულისა და სიმშვიდის წყაროა.“


ალექსანდრე ყოველი მსახურებისას დიდი სიხარულით მიიჩქარის ტაძრისკენ, იღებს მითითებებს უფროსი სტიქაროსნებისგან და თავმდაბლობითა და მორჩილებით ასრულებს მოძღვრის ლოცვა-კურთხევას.


თეონა ნოზაძე

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!